Thursday, November 14, 2013

პრობლემატური საკითხები

წყლის პრობლება

  ჩვენ რეგიონში წყლის პრობლემა უკვე დიდი ხანია რაც არსებობს. მოსახლეობა მასთან გამკლავებას საკუთარი ხარჯებითა და შესაძლებლობებით ვერ ახერხებს. ეს იმის შედეგია, რომ ამ ადგილზე მოწესრიგებულ წყლის სისტემას არასოდეს უარსებია.  არსებობდა მხოლოდ კოლექტიური სარგებლობისათბის გაწერილი წყლის ასავსებად გამოყოფილი ადგილები. თუმცაღა თანამედროვე ცხოვრების სწრაფმა ტემპმა და ცალკეული ადამიანების მოთხოვნამ ინდივიდუალურად, თითოეულს ჰქონოდა წყალი საკუთარ ეზოში,  გამოიწვია ის პრობლება, რომლის გადაწყვეტასაც უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ვცდილობთ.
     ამჟამად ლილოს მცხოვრებლებს წყალი ორი გზით მიეწოდება. ერთია- ეგრედწოდებული „ტყის“ იგივე „ნასაგურის წყალი“, ხოლო მეორე-თბილისის ზღვიდან ამოტუმბული. თუმცაღა, საქმე იმაშია, რომ არცერთი მათგანი რეგიონს ოცდაოთხსაათიანი წყლის მომარაგებით არ უზრუნველყოფს. 
    ტყიდან წამოსული წყალი არ იფილტრება, ის მხოლოდ ავზში გროვდება. რა თქმა უნდა, ამგვარი წყალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მით უმეტეს, რომ წყლის ამ რესურსით არა მხოლოდ ერთეული ადამიანები, არამედ სოფლის ნახევარი მარაგდება, რის შედეგადაც დაავადების შანსი იზრდება.  „ნასაგურის წყალი“  მუდმივად არ მოედინება, იგი  მოსახლეობას დღის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, დილა-საღამოს, თითო-თითო საათით მიეწოდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი სოფელი ადამიანს დაიქირავვებს, რომლის მოვალეობაშიც ავზიდან წყლის გამოშვება იქნება.
     დიდი ლილოს მეორე ნახევარს წყალი ჯერ ჟინვალის წყალსაცავიდან, ხოლო მოგვიანებით კი თბილისის ზღვიდან მიეწოდებოდა. მართალია, ეს საშუალებას აძლევს მოსახლეობას წყალი დიდი რაოდენობით და შედარებით დიდხანს მოიხმაროს, მაგრამ ეს ხერხი პრობლემას სრულიად მაინც არ წყვეტს, რადგან 24 საათის განმავლობაში წყლის უქონლობა  დამატებითი ხარჯების გაწევას მოითხოვს, რაც წყლის სათავსოების ყიდვას ხმარდება.
    მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეოთხედი ნაწილია მთელი დღის განმავლობაში წყლით უზრუნველყოფილი, ეს იმის გამოა, რომ მათთვის წყალი თბილისის ზღვიდან 24 საათის განმავლობაში იტუმბება.    
     ამ რეგიონის მაცხოვრებლები პრობლემის გადაწყვეტას  იმაში ხედავენ, რომ წყლის მიწოდებისას ყველა თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და არა მხოლოდ მაცხოვრებლების ერთი მეოთხედისათვის, არამედ ყოველი კომლისათვის მოხდეს წყლის ამოტუმბვა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი გადაიჭრება იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ახლიდან დაიქსელება წყლის სისტემით.
    
  
                                                              ნაგავსაყრელი
              2010 წელს დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაშენდა საყოაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი, დასახლებული პუნქტიდან 3-4 კილომეტრის მოშორებით, რაც არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს. აღნიშნული პოლიგონის ამ ტერიტორიაზე გადმოტანას, გლდანის ტერიტორიიდან, თავიდანვე აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობა და ბრძანების გაუქმებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით მოითხოვდა. თუმცა მერიამ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა. მშენებლობის დაწყება იმ პირობით მოხდა, რომ ადგილობრივებს უსიამოვნო სუნი არ შეაწუხებდათ, მათ ექნებოდათ გაზი, რომელიც ნარჩენების გადამუშავებით გამოიყოფოდა და არ გადაიხდიდნენ დასუფთავების გადასახადს. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონმა დაიწყო ფუნქციონირება, მოსახლეობა გაწბილებული დარჩა, რადგან არცერთი ზემოთ აღნიშნული პირობა არ შესრულდა. დილით და საღამოს, განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის დროს, პოლიგონიდან დასახლების მიმართულებით ვრცელდება უსიამოვნო სუნი, რაც მომწამვლელად მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე და ინტოქსიკაციას იწვევს. ყველაზე დიდი საფრთხე კი ემუქრებათ ბავშვებს.
პოლიგონიდან სულ რაღაც 10-12 მეტრის რადიუსზე მიედინება ხელოვნურად გაჭრილი არხი, რომელიც ჯერ წყლით ამარაგებს ორხევის მოსახლეობას, შემდეგ კი ჩაედინება თბილისის ზღვაში. ქარის მიერ პოლიგონიდან წამოღებული ნარჩენები პირდაპირ არხში ხვდება. ამას გარდა პოლიგონიდან გამოსული თხევადი სახის ნივთიერებები არხში ჩადის და აბინძურებს მას. ყოველივე ამის შემდეგ ამ არხის წყალი სასმელად გამოუსადეგარია, მაგრამ სამწუხაროდ არხის წყალი თბილისის ზღვაში ჩაედინება და სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოიყენება.






პოლიგონიდან რამდენიმე კილომეტრში არის თბილისის აეროპორტი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. ნაგავსაყრელის გამო, ამ ტერიტორიაზე გაიზარდა ფრინველების რაოდენობა, რაც სართხეს უქმნის ბოინგებს აფრენის და დაჯდომის დროს. ეს საფრთხე რეალურია და ეს საკითხი წინ წამოიწია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ უსიამოვნო სუნის და სხვა რეალური პრობლემების გამო პროტესტი გამოთქვა და გადაკეტა ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზა. საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა. დაიწყო მოლაპარაკებები პოლიგონის გადატანის თაობაზე, რაც აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, თუმცა დღემდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი ისევ ფუნქციონირებს. ეს ადგილობრივებისთვის დიდ პრობლემას წაროადგენს. ეს პრობლემა ეხება არამარტო დიდი ლილოს ტერიტორიას არამედ ნაგავსაყრელთან ახლოს მდებარე სხვა დასახლებებსაც.           


                                         
 

                                         
                                                           საავადმყოფო

დიდი ლილოს მოსახელობისთვის უკვე რამდენიმე წელია გადაუჭრელ პრობლემად რჩება საავადმყოფო. დასახლებაში მისი არქონა სერიოზული პრობლემის წარმომქმნელია, ვინაიდან მოსახლეობა იძულებულია მცირე კონსულტაციისთვისაც კი მიმართონ III მასივის დასახლებაში არსებულ საავადმყოფოს, რომელსაც მთელი ლილოს მოსახლეობა ჰყავს მიმაგრებული.


თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში საავადმყოფოების მშენებლობის ინტენსივობას და დასახლებისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას, დიდ სირთულეს  არ უნდა წარმოადგენდეს ერთი საავადმყოფოს გახსნა, ან არსებული შენობის შეკეთება და მედ პერსონალით დასაქმება.

       





                                                 კანალიზაცია
დიდ ლილოში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად თავს იჩენს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - კანალიზაციის არარსებობა. შვიდასკომლიან დასახლებაში მოსახლეობის 90%-ს არ გააჩნია გამართული საკანალიზაციო სისტემა, რაც მნიშვნელოვან ჰიგიენურ პრობლემას ქმნის და ანტისანიტარიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. 2010 წელს აშენდა ბაღის შენობა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაყვანილი იქნა საკანალიზაციო სისტემა, რომელშიც ჩაბმული იქნა მხოლოდ ბაღის ტერიტორიაზე არსებული სახლები, თუმცა ეს არ წარმოადგენს დასახლების მეოთხედსაც კი, ამიტომ კანალიზაციის პრობლემა ძალზედ აქტუალურია დიდი ლილოს ტერიტორიაზე.
დასახლებას დიდი რეკრეაციული პოტენციალი გააჩნია, თუმცა ანტისანიტარია დასვენების საშუალებას არ იძლევა. გარდა იმისა რომ არ არის გამართული საკანალიზაციო სისტემა, ცენტრალურ გზაზე არსებული ღია საკანალიზაციო მილები, ე.წ. „ლადოგები“ ძაიან დიდ ჰიგიენურ პრობლემას წარმოადგენს, აქ იღვრება ცენტრალურ გზაზე მცხოვრები მოსახლეობის კანალიზაცია. ღია საკანალიზაციო მილები ავსებულია ნაგვით, ხოლო წვიმის დროს ეს ნაგავი გადმოდის გზაზე რაც არცთუისე სასიამოვნო სანახაობას ქმნის, ამ შემთხვევაში გზის დასუფთავება დასუფთავება თავად მოსახლეობის მიერ ხდება, თუმცა ზოგჯერ მოსახლეობაც არ აქცევს ყურადღებას.










ეს ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია. საკანალიზაციო სისტემის არარსებობა და ასევე ეს ღია საკანალიზაციო არხები ცენტრალურ გზაზე საფრთხეს უქმნის დასახლებაში მცოვრებ მოსახლეობას და ცხოველებს, ანტისანიტარია ადამიანების მოწამვლას და დაავადებებს იწვევს, ასევე არსებობს საფრთხე ეს ღია კანალიზაციის წყალი სასმელი წყლის გაუჭებულ და გახეთქილ მილებში ჩაიღვაროს, რაც დამეთანხმებით ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს და მოხუცებს, რომლებიც ამ წყლით იკვებებიან.

No comments:

Post a Comment