ლილოს
ტერიტორიაზე წარმოდგენილია ივერიის ვაკის სტეპური ლანდშაპტი, უროიან–ვაციწვერიანი და
ჯაგ–ეკლიანი სტეპის მცენარეულობით.
ისტორიულ
წარსულში მისი ჩრდილო ტერიტორია ახლანდელთან შედარებით მეტ ფართობზე დაფარული იყო მუხნარი
და მუხნარ–რცხილოვანი ტყვეებით, მცირე ნაწილი ტყისა თანდათან გაიჩეხა და მისი ადგილი
ძეძვნარმა და სტეპურმა მცენარეულობამ დაიკავა. ამჟამად გადარჩენილი ტყის ნაწილი სასიამოვნო
სანახავია, მითუმეტეს, რომ XX საუკუნის II ნახევრიდან
დაიწყო დიდი ლილოს ტერიტორიის გამწვანება, რისთვისაც ძირითადად ელდარის ფიჭვი იქნება
გამოყენებული, თუმცა ახლა ამ ტყის მდგომარეობაც ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან
გამომდინარე სავალალოა.
ტყეში
მრავლად გვხვდება სოკო, როგორც შხამიანი, ასევე საკვები: ქამა, შავჩოხა, რიჟიკა, მელანა
და სხვა. ტყის სიმდიდრეს წარმოადგენს: პანტა, შვინდი, ზღმარცლი, კუნელი, კვრინჩხი და
სხვა მრავალი.
ლილოს
მთაზე მრავლად არის სამკურნალო მცენარეები, რომლებიც საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა.
ამ მცენარეების შესაგროვებლად ხშირად შეხვდებით ხალხური მედიცინით დაინტერესებულ ადამიანებს,
როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს მცენარეები ძვირფასია მათი ადგილმდებარეობის გამო.
ფაუნისტურად
დიდი ლილოს ტერიტორიაზე გვხვდება შველი, კურდღელი, ციყვი, მგელი, ტურა, მელა, გარეული
კატის ორი სახეობა, მაჩვი, კვერნა, მინდვრის თაგვი, დედოფალა და სხვა. ძველად აფთარი
და დათვიც უნახავთ.
მრავალფეროვანია
ფრინველთა სამყაროც. განსაკუთრებით აღსანბიშნავია ველის არწივი, შევარდენი, მიმინო,
გადამფრენი ფრინველებიდან: გარეული ტყის ქათამი, მწყერი, ბულბული, ტოროლა, ოფოფი, შაშვი,
ჩხიკვი, ჭოტი, ქორი და სხვა. ქვეწარმავლებიდან გვხვდება ველის მახრჩობელა, კუ, ხვლიკი, გველხოკერა და სხვა.
No comments:
Post a Comment